აფეთქება ქუთაისში

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , ,

from – akhali-gazeti.blogspot.com
აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე, მოგვიანებით კი გარდაიცვალა დედამისიც - 42 წლის ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა. იგი ჯერ ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი - როდესაც ის რეანიმობილით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ, ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. მას თავის ტვინის მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
ძეგლის აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა
19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: თავის ქალის მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე. ამას გარდა, მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს დედამისი - ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა და მათ მეზობლად მცხოვრები ირაკლი ჯინჭარაძე. სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე "გამარჯვების მემორიალის" დემონტაჟი მოულოდნელად 12 დეკემბერს დაიწყო. მაშინვე დემონტაჟზე დასაქმებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ საბოლოოდ მემორიალი 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე აფეთქდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქუთაისში 21 დეკემბრისთვის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს და საზოგადოების სხვა ფენებს. ამის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა 18 დეკემბერს გამოაცხადეს მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის თავიდან აცილების მცდელობას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ძეგლის აფეთქების პროცედურა დააჩქარა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნიკოლოზობის დღესასწაული აარჩია (სხვათაშორის ამ დღეს პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეა).


0 comment(s) to... “აფეთქება ქუთაისში”