„ირაკლი ჩარკვიანს ჰალსტუხი არ უკეთია, მაგრამ ალღო მკარნახობს – ჯიბეში უდევს“

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , , ,

        

ავტორი – ERM0NIA

ზაზა ბურჭულაძე წუხს, რომ ქართულ ხელოვნებაში კონფორმიზმია გამეფებული
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს (იგივე გრეგორ ზამზას) ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისი რომანები „სულთათანა“, „შენ“, „სიმფსონები“ და „წერილი დედას“ საუკეთესო ქართულ გამომცემლობებში დაისტამბა და საკმაოდ სკანდალური გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში.

ზაზა ბურჭულაძე სხვა მწერლებისაგან გამოირჩევა კონფორმიზმისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით. ამ მხრივ, მისი კრიტიკა ხშირად ულმობელიც კია. თუმცა, საზოგადოებას უფლება აქვს იცნობდეს მის ზოგჯერ ძალიან მკაცრ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არც ისე უსაფუძვლო შენიშვნებს.

– თბილისი ამჯერად ქართული ლიტერატურის ცენტრად ითვლება. შენი აზრით, რა ხდება დღევანდელ ქართულ მწერლობასა და ლიტერატურაში?
– ლიტერატურაში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ტენდენცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გვამზე ვლაპარაკობდეთ. მიცვალებულზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან – არაფერს. ანალოგიურ მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული ლიტერატურა. მასზე ან კარგი უნდა ითქვას, ან არაფერი. დღეს ბევრი მოთქვამს კრიტიკა არ არსებობსო. რატომ არ არსებობს? კრიტიკა ხომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც მხატვრული ქმნილება ინტერესს აღძრავს. და თუ კრიტიკა არ არსებობს, მაშინ გამოდის, არაფერი იქმნება? რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი მეორეხარისხოვანი, მაგრამ კარგიც ხომ იწერება? ამას კი დანახვა უნდა. რას აკეთებს ლიტერატურის ინსტიტუტი? უმაღლესი სასწავლებლები? რატომ არ ტარდება შეხვედრები ლიტერატორებთან?
მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა. ამას ცუდად როდი ვუყურებ, მაგრამ გლეხმა მიწას უნდა მოუაროს, ხაბაზმა პური აცხოს, სტრიპტიზი კი არ უნდა აკეთოს. იგივე ხდება ლიტერატურაშიც, ანუ ვისაც არ ეზარება, ყველა წერს. თუმცა, ასეც უნდა იყოს – თუ არ გეზარება, უნდა წერო.
– როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს ხელისუფლებასა და მწერალს შორის?

– ყოველთვის შეურიგებელი ვიქნები იმ შემოქმედისადმი, ვინც ხელისუფლებისადმი კონფორმისტი იქნება, სახელმწიფო სუფსიდიებზე იცხოვრებს ან რომელიღაც პოლიტიკური გუნდის დაკვეთებს შეასრულებს. რატომღაც, ღრმად მწამს, რომ ხელოვანი ყოველთვის ოპოზიციაში უნდა იყოს.

– შენ აღნიშნე, რომ არც ერთ ინსტიტუში არ ტარდება შეხვედრები ლიტერატორებთან, მაგრამ თბილისში ხომ არსებობს კლუბი „სარდაფი“, სადაც სწორედ დაინტერესებული სტუდენტები ხვდებიან ლიტერატორებს?

– შესაძლოა ვიღაცისთვის ეს კარგიც იყოს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ. საერთოდ, ხელოვნებას სნობობა არ უხდება. „სარდაფში“ კი სნობობის გარეშე ჯერ არაფერი მინახავს. წიგნს თუ რაღაც მამაძაღლობები სჭირდება და მის ფონზე უნდა გაიყიდოს, მაშინ სწორედ მამაძაღლობა ყოფილა აქტუალური და არა ის, რაც ამ წიგნებში წერია. ეს არ არის მარტო შემოქმედის დანაშაული. და თუ ვინმეს ეჩვენება, რომ „სარდაფში“ რამე ხდება, გულწრფელად მივესალმები. ხომ შეიძლება მე ვერ დავინახო, არადა მართლაც რამე ღირებული ხდებოდეს. ოღონდ ეგაა, რომ, როდესაც იქ სახელმწიფო მინისტრი მიგყავს და მას „გულის ნადებს“ უზიარებ, ძალიან მეეჭვება, ვცდებოდე.

იხილეთ ვრცლად...

http://anarekly.blogspot.com/



0 comment(s) to... “„ირაკლი ჩარკვიანს ჰალსტუხი არ უკეთია, მაგრამ ალღო მკარნახობს – ჯიბეში უდევს“”