ერთი რჩევა ია ანთაძეს
Posted 3:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ია ანთაძე, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, ტელევიზიაავტორი: ია ანთაძე
თუ სწორად მესმის, ახლა საქართველოში სამი საზოგადოებრივ–ვირტუალური კლუბია. ერთი მათგანი ბინადრობს საკან N5–ში, მეორე – ფეისბუკზე და მესამე – „რადიო თავისუფლების“ ბლოგებზე.
საკნის კლუბს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, აგრეთვე, ხილული და უხილავი წევრები, ანუ სტუმრები და მაყურებლები. ამ კლუბში ხშირად საუბრობენ ღირებულებებზე – სამართლიანობაზე, პატრიოტიზმზე, რელიგიურ გრძნობებზე. კლუბს ჰქონდა ამბიცია, ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობის პროცესი პოლიტიკურიდან საზოგადოებრივ სივრცეში გადმოეტანა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრადაც საკანი ექცია. მართლაც, იყო დრო, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „უცნობთან“ დადიოდნენ და კამერების მიღმა სწორედ მასთან ათანხმებდნენ გადაწყვეტილებებს. საკნის კლუბის „ოქროს ხანად“ უნდა მივიჩნიოთ 26 მაისი, როდესაც „უცნობი“ ეროვნულ სტადიონზე ხელში აყვანილი შეიყვანეს და, ტრიბუნებიდან წამოსული ოვაციების ზღვაში, მთელი სტადიონი ხელდახელ შემოატარეს. ეს იყო აქციის მონაწილეთა მხრიდან „უცნობისთვის“ გადახდილი მადლობა პირველი საზოგადოებრივი კლუბის შექმნისთვის და მისი თავდადებული ლიდერობისთვის.
ფეისბუკის კლუბი, საკნისგან განსხვავებით, უხმაუროდ და ფრთხილად შეიქმნა, შესაძლოა, სწორედ როგორც საკნის კლუბის ალტერნატივა. ფეისბუკის კლუბი ორგანიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ლიდერს – ლევან რამიშვილს – ახლა კლუბში 4 000–მდე მეგობარი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენი ადამიანი ადევნებს თვალყურს მის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს და მის მიერ მართულ კამპანიებს. იმის მიუხედავად, რომ კლუბი საჯარო სივრცეში არსებობს, გადაწყვეტილებები დახურულ რეჟიმში მიიღება და საზოგადოება მხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესს ადევნებს თვალს.