უცოდველი

Posted 7:03 PM by Nina in თემები , , , ,

ავტორი – მამუკა ღლონტი

StairwayToHeaven-D-4d

ვალოდია მოულოდნელად გარდაიცვალა. გული გაუსკდა. ის ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელთაც ტვინის განძრევა ეზარებათ და უკეთეს მომავალს ელიან, განსაკუთრებით თუ ამ უკეთესს ხელისუფალნი ჰპირდებიან.
ვალოდიას სჯეროდა ძლიერთა ამა ქვეყნისა და მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში დაბერდა, მაინც უკეთეს მომავალს ელოდა. ძალიან მცირე, უმნიშვნელო, ცოდვებს თუ არ ჩავთვლით, ვალოდია უცოდველი იყო, ამიტომ ვალოდიას სჯეროდა, რომ სამოთხეში ადგილი გარანტირებული ჰქონდა.
ვალოდია მიხვდა, რომ მოკვდა. ის უდაბნოში აღმოჩნდა, თაკარა მზე თავზე აცხუნებდა. ვალოდია დაიბნა, ის ხომ სამოთხეს ელოდა, – ნუთუ ჯოჯოხეთში ვარ. -გაიფიქრა მან და ეცადა გაეხსენებინა ცოდვები, რისთვისაც ისჯებოდა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა. ვალოდია ხომ უცოდველი იყო. მოულოდნელად მასთან ანგელოზი ჩამოფრინდა ციდან, თეთრი ქათქათა ფრთებით და ცისფერი თვალებით. ვალოდიამ თავი დახარა. “ ჯოჯოხეთში ვარ?” - ჰკითხა მან ანგელოზს. ანგელოზმა გადაიხარხარა, ხელი მოხვია ვალოდიას და გულში ჩაიკრა, შემდეგ კი დაამშვიდა –“არა, ვალოდია შენნაირები ჯოჯოხეთში არ ხვდებიან, მე მოვედი, რომ სამოთხეში წაგიყვანო, ოღონდ ერთი კითხვა მაქვს: რა გირჩევნია სანამ სამოთხეში მოხვდები, მოგიყვე იქ რა დაგხვდება, როგორი ცხოვრებაა ყოველდღიურად და მომზადებულმა შეაბიჯო სასუფეველში, თუ პირდაპირ ახლა წავიდეთ და იქ ყველაფერი მოულოდნელი იყოს შენთვის”? - ვალოდია დაფიქრდა, მაგრამ ტვინის განძრევა ისევ დაეზარა და ანგელოზს მიმართა, შენ როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი, შენ ჩემზე უკეთ იცი რა ჯობიაო. ანგელოზს ჩაეღიმა - “კარგი რახან ჩემი გჯერა, მაშინ სჯობს მოგიყვე რა გელოდება სამოთხეში...” და დაიწყო... მან მოუყვა ვალოდიას პირველი დღე სასუფეველში და გაფრინდა, იმ პირობით, რომ ხვალ აუცილებლად დაბრუნდებოდა და თხრობას გააგრძელებდა.პირველად ცხოვრებაში. ვალოდია ბედნიერი იყო. ღამე ციოდა დილა კი თაკარა და ცხელი გამოდგა. ანგელოზი ისევ მოფრინდა, მოუყვა ვალოდიას რა ელოდა მეორე დღეს და გაფრინდა. ღამე კვლავ ძალიან ცივი აღმოჩნდა, დილა კი ისევ ცხელი, შემდეგ ანგელოზმა მესამე დღეც მოუყვა და გაფრინდა. ასე გაგრძელდა ათიოდე დღე. ვალოდია იტანჯებოდა: სიცხე, სიცივე, შიმშილი, წყურვილი, ყველაფერი ერთად აწუხებდა. მან გაბედა და ანგელოზს, რომელიც მეათე დღის ამბებს უყვებოდა, თხრობა შეკითხვით შეაწყვეტინა. მისი შეკითხვა კი ძალიან ლოგიკური იყო: “როდის წამიყვან სამოთხეში”? - ამოღერღა გაწამებულმა ვალოდიამ. ანგელოზმა გაკვირვებული სახით შეხედა ვალოდიას და უპასუხა – “ჩვენ ხომ შევთანხმდით ,იმ წუთშივე, როგორც კი სამოთხეში შენი ყოფნის ყოველ დღეს გიამბობ”. ვალოდიამ ისევ გაბედა და ჰკითხა – “როდის იქნება ეს”? ანგელოზმა უფრო გაკვირვებული სახით შეხედა და უპასუხა – “ნუთუ არ იცი, რომ სასუფეველი მარადიულია”...
მამუკა ღლონტი.



0 comment(s) to... “უცოდველი”