მადლობა მოსკოვს - ფიციდან მონანიებამდე

Posted 7:51 AM by KOMUNA in თემები , , , ,

ნინია კაკაბაძე

ვიდრე სტატიის წერას დავიწყებდე წარმატებას და გამარჯვებას ვულოცავ ქართველ კინემატოგრაფისტებს, ბატონ რეზო ჩხეიძეს და მხატვრული ფილმის “კონფლიქტის ზონა, ყარაბაღი 2”-ის რეჟისორს ვანო ბურდულს და მთელ გადამღებ ჯგუფს.
მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს, სხვადასხვა პროგრამაში, არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. მათ შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში დიტო ცინცაძის “მედიატორი” - და განყოფილებაში “პერსპექტივა” -ვანო ბურდულის “კონფლიქტის ზონა - ყარაბაღი 2”. ეს უკანასკნელი „საუკეთესო დებიუტის“ ლაურეატი გახდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე პრიზის ასაღებად სცენაზე ფილმის ერთერთი პროდიუსერი არჩილ გელოვანი და მთავარი როლის შემსრულებელი, შესანიშნავი მსახიობი მიშა მესხი ავიდნენ. არჩილ გელოვანმა მადლობა მოახსენა ფილმის გადამღებ ჯგუფს, მეორე პროდიუსერს, მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალს და საერთაშორისო ჟიურის.


ასევე კინემატოგრაფში შეტანილი ღვაწლისათვის დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე. ბატონ რეზოს ჯილდო ფესტივალის რეპზიდენტმა ნიკიტა მიხალკოვმა და რუსეთის კულტურის მინსიტრმა გადასცეს. რუსული ინტერნეტგევრდის “გაზეტა რუს” კორესპონდენტი წერს: “სცენაზე დიპლომატიური ტრეინინგი შედგა. ჯერ რეზო ჩხეიძემ მოყვა თავისი დიდებული მეზობლის, რუსეთის შესახებ, შემდეგ კი რუსეთის კულტურის მინისტრმა სასწრაფოდ სცადა რეჟისორის დარწმუნება, რომ ამ მეზობელსაც მხოლოდ ნატიფი გრძნობები აქვს და თუკი ჩვენს ურთიერთობებში არსებობენ რაღაც ღრუბლები, ისინი აუცილებლად და მალე გაიფანტებიან”. როგორც ჩანს რუსი კორესპონდენტი თავისებურ ინტერპრეტაციას წერს, რადგან ჩვენ შორის (საქართველო-რუსეთი) არსებულ ღუბლებზე თავად ბატონმა რეზომ ბრძანა, კულტურის მინისტრი კი მხოლოდ დაეთანხმა, რომ ღრუბლებს აუცილებლად გავნდევნით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა, სახელწოდებით “ფიციდან მონანიებამდე”. (მიხეილ ჭიაურელის “ფიცი”, თენგიზ აბულაძის “მონანიება”). არ შეიძლება ეს სათაური სიმბოლურ ხასიათს არ ატარებდეს. ფიცით რუსმა კინემატოგრაფისტებმა როგორც ჩანს გეორგიევსკის ტრაქტატი გაგვახსენა, რაც შეეხება მონანიებას, რამდენად მოვინანიეთ ან კი მოგვეცა თუ არა ამის საშუალება, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.
“ყველაფერი ჩვენ” - ასე ქვია ზემოხსნებულ სტატიას “გაზეტა რუ-ზე, რომელიც ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე დაახლოებით 500 ფილმი იყო წარმოდგენილი, რვა ძირითადი ჯილდოდან ხუთი რუსეთში დარჩა, ერთი ქართველ რეჟისორს ერგო (“კონფლიქტის ზონა” რეჟ. ვანო ბურდული), ერთი უკრაინელს (“მელოდია შარმანკასთვის” რეჟ. კირა მურატოვა) და ერთიც მექსიკელს (“ხუთი დღე ნორას გარეშე” რეჟ. მარიანა ჩენიო). საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი წელს პაველ ლუნგინი იყო. ქართველ მაყურებელს ახსოვს მისი ფილმი “ოლიგარქი”, რომელიც ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის ტრიუმფალურ ფინანსურ მაქინაციებს აღწერს, ფილმი “კუნძული” და ბოლოს “მეფე”, რომელიც წელს კანის საერთაშორისო კინოფეტივალზე ერთ-ერთ პროგრამაში “განსაკუთრებული ხედვა” მონაწილეობდა.

თავად კინოფესტვალის პრეზიდენტი ნიკიტა მიხალკოვია. სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ნიკიტა მიხალკოვის შოვნისტურ განწყობებზე აღარ ვილაპარაკებ, მთავარი ერთია: ამ საფესტივალო სცენაზე დირექტორებიც, პრეზიდენტებიც და ლაურეატებიც თავად რუსები არიან. რუსულ კინემატოგრაფიულ თუ ინტელექტუალურ ელიტაში კი, მიუხედავად გაუგებარი ღრუბლებისა, ჩვენც მათ ნაწილად მოვიაზრებით, ამიტომაც გასაკვირი არ არის სტატიის დასახელება “გაზეტა.რუ”-ზე:- “ყველაფერი ჩვენ”.
ახლა კი მთავარი. ამ სასიხარულო ინფორმაციის გავრცელებისას, ყველას ერთი რამ გაახსენდა: შარშან “იურმალაზე” გრანპრი მოგცეს და ერთ თვეში დაგვბომბეს! ჯილდოების გადმოცემის პრაქტიკაც დიდია და სამხედრო იერიშისაც. ამ ორ ქვეყანას კი მაინც სარწმუნოება და კულტურა აერთიანებს.
პატარა ლირიული გადახვევა: რამდენიმე დღის წინ მოსკოვში საპატრიარქოს წარმომადგენლები და ზურა აბაშიძე გაემგზავრნენ, რუსულ ეკლესიასთან არსებული გაუგებრობების გასარკვევათ. ერთერთი გაუგებრობა კი, რამდენიმე ხნის წინ გალში აღმართული ჯვრების დემონტაჟი იყო. ვიდრე, დელეგაცია ოპტიმისტური განწყობებით და ამბით უკან არ დაბრუნებულა, იქნებ ზოგიერთი ქართველი მიხვდეს, რომ ერთმორწმუნე რუსეთი მხოლოდ მისი ლოცვა კურთხევით აგებულ ტაძრებსა და ჯვრებს იცავს.
მაგრამ, აი რა უნდა მოხდეს კულტურის სფეროში, რომ ქართველი კულტმუშაკები ერთმორწმუნე რუსეთის ცალსახა ბოროტებაში დარწმუნდნენ - ეს ჯერ ისევ უცნობია. ფესტივალზე წასვლა და მონაწილეობის მიღება, ბევრისთვის საკამათო საკითხად იქცა. ვფიქრობ “ევროვიზიაზე” მიიღებდა მონაწილეობას ის უხარისხო სიმღერა (“ჩვენ არ გვინდა შედებაა”) თუ მოსკოვის კინოფესტივალში გაცილებით ხარისხიანი ფილმები ჩაერთვებოდნენ - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და აქ გადაწყვეტილება თავად მონაწილეებმა უნდა მიიღონ. მითუმეტეს, რომ სხვა პრესტიჟული, საერთაშორისო ფესტივალები არ თანხმდებიან ახალ ქართულ ფილმების მონაწილეობაზე. ვინ გამოგვიწვდის დახმარების ხელს თუ არა რუსეთი?! საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ მონაწილეობაზე ვთანხმდებით, არამედ მუდმივ რევერანსებს და ქედს ვიხრით რუსეთის წინაშე.
ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, ეს ფესტივალი მართლაც საერთაშორისო რომ იყოს,. მაგრამ ვფიქრობ ზემოთ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ ის რუსეთის საკუთრებაა.

დარწმუნებული ვარ რეზო ჩხეიძის სინანულით აღსავსე სიტყვები, სადაც ის ამბობს ფრაზას “ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს”, (საინტერესოა სხვა შემთხვევაში რომელი სამშობლო იგულისხმება) და ის, რომ მისი თქმით მის ორ სამშობლოს შორის ღრუბლები უნდა გაიფანტოს - არავის გაკვირვებია.
საკვირველია უმცროსი თაობის სამადლობელი სიტყვა - “მადლობა მოსკოვს”, რომელიც მიშა მესხმა თქვა. არავინ უხდის მადლობას კანს, ვენეციას, ბერლინს, საფრანგეთს, იტალიას თუ გერმანიას, მადლობა პირველ რიგში საერთაშორისო ჟიურის ეკუთვნის შეფასებისათვის და შემდეგ სურვილისამებრ დედებს, დეიდებს, ცოლებს, შვილებს, გადამღები ჯუფის წევრებს და ა.შ. მაგრამ ჩვენი შესანიშნავი მსახიობი მიშა მესხი მადლობას მოსკოვს უხდის. ვერსია რამდენიმეა: ახალგარზდა ბიჭია მოსკოვში ჩავიდა, რუსი ქალების გემო ნახა, კარგი რესტორანი, წვეულებები, “კეთილგანწყობილი” კულტმუშაკები... მეორე ვერსიის მიხედვით მესხმა დაინახა, რომ ეს ჯილდო მას მოსკოვმა (როგორც რეზო ჩხეიძე ბრძანებს, დიდებულმა მეზობელმა, რუსეთმა) გადასცა და არა საერთაშორისო ჟიურიმ. მოსკოვს მადლობას უხდის და შემდეგ ქართული ტელევიზიისთვის ასეთ განცხადებას აკეთებს: “მე ვფიქრობ, ჩვენი დაჯილდოვება იყო რუსეთის მონანიება”. ეს განცხადება კიდევ სხვა მრავალ ვერსიებს აჩენს - ეს ახალგაზრდა მსახიობის თავდაცვაა, თავისმოტყუება თუ ჩვენი მოტყუებაის მცდელობა?!
ეს ფაქტი მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არ არის საინტერესო, გაცილებით მნიშვნელოვანია აქედან გამოდინარე დასკვნა: რუსეთის მიმართ ლატენტური თუ ცნობიერი ლტოლვები არა მხოლოდ უფროსი თაობის სენია, არამედ ქართული საზოგადოების. ამიტომაც რუსეთი გაცილებით გაბედულად მოაბიჯებს საქართველოსკენ, რადგან იცის, მას აქ ელიან. კულტურა და სარმწუნოება, ქართველი ადამიანის იდენტობის შინაარსია, ეს შინაარსი კი მას მის მეზობელთან აკავშირებს. როგორც ბატონმა რეზო ჩხეიძემ მეტაფორულად აღნიშნა: “სახლიდან გამოსულები ჩვენ ჯერ, ჩვენს მეზობელს ვხედავთ და შემდეგ ამოდის მზე”. (აქამდე, მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, ახლა კი ჯერ ჩრდილოეთია და შემდეგ მზე).
ჩრდილოელი მეზობელიც სწორედ ამ ორ სივრცეში, სარწმუნოებასა და კულტურაში აჩენს ახალ-ახალ ბმულებს. ეს ჯილდოები და ქართული კულტურისადმი ნატიფი გრძნობები იქნება იმის გარანტია, რომ ქართულ საზოგადოებაში უფროსი ძმის ხატი კიდევ დიდხანს არ დაინგრევა. სიტყვას და მოქმედებას უსაზღვრო მნიშვნელობა აქვს. თუკი რუსული ტანკი თბილისში შემოგრიალდება, შესაძლებელია ნაკლებად შეურაწმყოფილად და დამცირებულად ვიგრძნოთ თავი, ვიდრე მაშინ, როდესაც ქედის მოხრა და ხელზე მთხვევას დაგვაძალებენ. რუსეთი ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყანაა, ძალით ის ყოველთვის დაგვჩაგრავს, ღირსებას კი ჩვენი ნებით თუ დავთმობთ.
ნუ ავურევთ ერთმანეთში ხელოვნებას და პოლიტიკას! ეს მოწოდება ხშირად ისმის. სამწუხაროა, რომ ამ მოწოდების გამავრცელებლებმა არ იციან რომ თანამედროვე ხელოვნება პრაქტიკულად აღარ არსებობს თანამედროვე პოლიტიკის გარეშე. გენიალურმა ბრიტანელმა კინორეჟისორსმა, კენ ლოუჩმა რამდენიმე წლის წინ კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მისი ფილმის პრეიერის შემდეგ განაცხადა: დღეს ვერც ერთი ადამიანი ვეღარ ახერხებს იცხოვროს პოლიტიკისგან იზოლირებულად, თანამედროვე პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს ეხება, ამიტომ მე ვერასდროს გავექცევი მას”. ფილმი, რომელმაც მოსკოვის ფესტივალზე საუკეთსო დებიუტის კონკურსში გაიმარჯვა, ომის თემას ეხება. “კონფლიქტის ზონა” ქართულ-აფხაზური ომის შესახებაა. ეს ფილმი არ აკეთებს მინიშნებას დამნაშავეზე. ფილმის ავტორები ომის აბსურდზე, უაზრობასა და ბოროტებაზე ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ასეთი ფილმის დაჯილდოვებისას, რუსეთის ტრიბუნის გამოყენება, (დაჯილდოვების ცერემონიალი მთავარ არხზე მთელ რუსეთში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა) პოლიტიკური განცხადებისთვის ურიგო არ იქნებოდა. ეს შესანიშნავი შანსი იქნებოდა არა კონფრონტაციული განცხადებისთვის, არამედ საქართველოს (გნებავთ ქართული თანამედროვე ხელოვნების თუ კულტურის) ღირსების დასაცავად. მაგრამ სამწუხაროდ, შანსი მონანიებისათვის გამოვიყენეთ.



0 comment(s) to... “მადლობა მოსკოვს - ფიციდან მონანიებამდე”