ელექტრონავტი

Posted 5:46 PM by Nina in თემები , , , ,
electro

მეგობრებო,

როგორც უკვე გაცნობეთ წლევანდელი „ელექტრონავტების“ დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარება 26 მარტს იგეგმებოდა. სამწუხაროდ, სპონსორების ძიების ორთვიანი ინტენსიური პროცესი, ჯერ-ჯერობით უშედეგოა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ყველაზე მომგებიანი სასპონსორო წინადადების კომპლექტაცია მოვახდინეთ (სარეკლამო კამპანია: იმედი, მიუზიქბოქსი, რადიო უცნობი, MYVIDEO.GEDANCE.GE, KOMUNA.GE, ცხელი შოკოლადი დ.ა.შ) ზოგიერთმა კომპანიამ პასუხის ღირსიც არ გაგვხადა. არ ვიცით ეს რას დავაბრალოთ: ზოგად პოლიტიკურ ფონს ქვეყანაში, ქართული ბიზნესის დაბალ კულტურას, მსოფლიო კრიზისებს თუ უცხოპლანეტელების ოინებს, ფაქტია რომ აგერ უკვე მესამე წელია ჩვენ და ჩვენი ტრადიციული პარტნიორების გარდა (იხ. www.electronauts.ge იყიდეთ მათი პროდუქტები, ისარგებლეთ მათი მომსახურებით) ქართული კულტურის ამ სფეროთი ნაკლებად თუ დაინტერესდა ვინმე. არადა წელს, ვფიქრობთ განსაკუთრებული წელია ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარებისთვის. ჩვენთვის მოულოდნელად, წლის ტრეკის კონკურსში 50 მდე ქართველმა არტისტმა, პროდიუსერმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ტურის შემდეგ 34 კანდიდატი შევარჩიეთ და ვფიქრობთ უკვე რამდენიმე ახალ, ძალიან საინტერესო არტისტთან გვაქვს საქმე. ასეთივე ენთუზიაზმით არიან განწყობილნი წლევანდელი საერთაშორისო ჟიურის წევრებიც.

რთული სიტუაციის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ „ელექტრონავტების“ ჩატარება აუცილებელია, ამიტომ მას სავარუდოდ 16 აპრილისთვის ვგეგმავთ და მოგმართავთ თხოვნით ინტენსიურად ჩაებათ ამ დაჯილდოების ცერემონიალის გაშუქებაში, პოპულარიზაციაში, თუ კი სადმე ვინმე გეგულებათ ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიების სპონსორი გახდეს სიამოვნებით გამოგიგზავნით სასპონსორო პაკეტს.
წინასწარ გიხდით მადლობას,

სერგი გვარჯალაძე
„ელექტრონავტები“
დამფუძნებელი, საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე

აირჩიე "ელექტრონავტი 2009"


flyer



3 comment(s) to... “ელექტრონავტი”